პროექტის სათაური: მსწრაფშემსმენელი ღვთისმშობლის ეკლესიის აღდგენა
პროექტის განხორციელების თარიღი: ივნისი–ოქტომბერი 2011
ბენეფიციარი: მსწრაფლშემსმენელი ღვთისმშობლის ეკლესია
საგრანტო თანხა: 47,800
2011 წლის 16 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II–მ, ნატახტარში აღდგენილ მსწრაფლშემსმენელ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დალოცა.
მსწრაფლშემსმენელ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ადრეული შუა საუკუნის ტაძრის ნანგრევებზეა აგებული. როგორც არქეოლოგიური გათხრებით ვლინდება, ეკლესია იმეორებს ტაძრის თავდაპირველ გეგმარებას, რომელიც დამახასიათებელი იყო VI საუკუნის ტაძრებისათვის. ასეთ ადრეულ თარიღს ადასტურებს არქეოლოგიური სამუშაოებისას აღმოჩენილი საშუალო ზომის ეკლესიის დარბაზული ტიპის ნანგრევები და ეკლესიის გარშემო არსებული აკლდამები და მასში ჩატანებული ნივთები. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპერტების მიერ ჩატარებული წინასწარი დათვალიერებით ირკვევა, რომ აღნიშნული ნანგრევები VI საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება.
”მსწრაფლშემსმენელი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია არა მხოლოდ ადრინდელი საუკუნეების მართლმადიდებლური ტაძარია, ის აგრეთვე წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლსაც, მის ტერიტორიაზე აუცილებელია გაგრძელდეს შემდგომი არქეოლოგიური სამუშაოები ისტორიული ნიმუშების აღმოჩენის მიზნით,” – განაცხადა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბ–ნ იულონ გაგოშიძემ.
პარტრიარქის ლოცვა–კურთხევით, ფონდმა “არძამ” ინდივიდუალური შემოწირულობების საფუძველზე, ნატახტარში სოფელ თეკენებში, ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები 2011 წლის ივნისში დაიწყო. “ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელება შესაძლებელი გახდა ბერ–მონაზვნების შრომით, ფონდში კერძო პირებისა და ორგანიზაციების ინდივიდუალური შემოწირულობებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით. ტაძრის აშენებით ქართულ ეკლესიას სულიერების კიდევ ერთი კერა შეემატა, სადაც დღეიდან რეგულარულად აღევლინება ღვთისმსახურება”, – აღნიშნა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასწრის წინამძღვარმა, მამა ილია ნასიძემ.
საქვემოქმედო ორგანიზაცია ფონდი ”არძა” 2011 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი მიზანია ნებაყოფლობითი შემოწირულობებისა და შენატანების საფუძველზე, საქართველოს რელიგიური, კულტურის ისტორიული ძეგლების შენახვა–აღდგენით სამუშაოებში და ქვეყნის ეკოსისტემის დაცვაში მონაწილეობა, მოზარდი თაობისთვის ხელშეწყობა განათლების, ეთიკური სტანდარტების, ინტელექტუალური პოტენციალის მიღებისა და სრულყოფის მიზნით.